LIVE

ადამიანის უფლებათა სასამართლომ ბავშვებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის რეგულაცია გაამართლა

08 აპრ 202118:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1044
ადამიანის უფლებათა სასამართლომ ბავშვებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის რეგულაცია გაამართლა
Gabriel Kuchta/Getty Images

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ჩეხეთის მიერ დაწესებულ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, სკოლებში აუცრელი ბავშვები არ დაიშვებიან. 

მოსამართლეებმა, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცრელი ბავშვების გარიცხვა დასაშვებია და ეს არის არა “სადამსჯელო”, არამედ “პრევენციული” ნაბიჯი სხვა ბავშვების დასაცავად.  

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებს შეესაბამება და მიზნად მათ უსაფრთხოებას ისახავს.

“ყველა ბავშვი სერიოზული დაავადებებისგან დაცული უნდა იყოს ვაქცინაციის გზით ან ჯოგური იმუნიტეტის საფუძველზე. ამიტომ ჩეხეთის ჯანდაცვის პოლიტიკა შეიძლება ითქვას, რომ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს იმ ოჯახებმა მიმართეს, რომელთაც სასწავლო დაწესებულებებმა შვილების ვაქცინაცია მოსთხოვეს. სასამართლოს უნდა დაედგინა, არღვევდა თუ არა ჩეხეთი ვაქცინაციის მოთხოვნით ადამიანის უფლებებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომები შეფასდა, როგორც "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში".

სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დებატები, უნდა იყოს თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო. ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ ბავშვების იმუნიზაციის გარეშე, პანდემია კონტროლირებადი ვერასდროს იქნება. ვაქცინების მწარმოებლები, მათ შორის Pfizer-ი და Moderna, ამჟამად მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკურ კვლევებს ატარებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰუგო მილერი