რუსეთის საპასუხოდ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების დაჩქარება სურს

06 აპრ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 9841
რუსეთის საპასუხოდ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების დაჩქარება სურს
Getty Images

უკრაინის პრეზიდენტს „რუსეთისთვის რეალური სიგნალის გაგზავნისთვის“ NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება სურს.

ეს განცხადება ზელენსკიმ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება და მიმდინარე ესკალაციის საფრთხეები განიხილეს.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალზე საშიში ტენდენცია - გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და დაიღუპნენ უკრაინელი სამხედროები“,- ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

დაძაბული ვითარებისა და რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების ფონზე, ზელენსკი NATO-ს შავ ზღვაში წარმომადგენლობის გაზრდისკენ მოუწოდებს.

„მუდმივი წარმომადგენლობა უნდა გახდეს ძლიერი შემაკავებელი რუსეთისთვის, რომელიც განაგრძობს რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას და ხელს უშლის სავაჭრო გადაზიდვებს. ჩვენ მზად ვართ, ჯარისა და თავდაცვის სექტორის რეფორმისთვის, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლიათ შეაჩერონ რუსეთი. დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა NATO-ს წევრობაა. MAP-ი იქნება რეალური სიგნალი რუსეთისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი: „ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ ეს უკრაინას შიდა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას“,- აღნიშნა მან.