LIVE

უკრაინა რუსეთის ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა

02 აპრ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 4495
უკრაინა რუსეთის ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა

უკრაინა ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა. ხელისუფლების ცნობით, სეპარატისტები „სისტემატურად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“. ამასთან, უკრაინა რუსეთს საზღვრის მიმდებარედ სამხედრო დანაყოფების განლაგებაში ადანაშაულებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამის შესახებ ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს აცნობა. ის მიესალმება სპეციალური სადამკვირვებლო მისიის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ ეუთო „ყურადღებით უნდა დააკვირდეს რუსეთის ქმედებებს“.

უკრაინელმა სამხედროებმა 26 მარტს განაცხადეს, რომ დონეცკში დაბომბვის შედეგად, ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა.

კრემლი უკრაინის ბრალდებებს უარყოფს. დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინა გააფრთხილა, რომ „ახალი ომის“ ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს.

რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი. „ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებული ვართ რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული და პროვოკაციული ქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში“,- აღნიშნა მან.

31 მარტს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის რწმუნებულმა დაადასტურა ვაშინგტონის ურყევი ერთგულება უკრაინის „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.