LIVE

აშშ-ში გერმანიის დესპანი Nord Stream 2-ის შეჩერებას ითხოვს

01 აპრ 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1232
აშშ-ში გერმანიის დესპანი Nord Stream 2-ის შეჩერებას ითხოვს
Alex Kraus/Bloomberg

გერმანიის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა კოორდინატორმა Nord Stream 2 გაზსადენის დროებითი შეჩერება მოითხოვა, რათა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე სამუშაოდ დრო მიეცეს.

მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, პიტერ ბეიერმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში თითქმის დასრულებული მილსადენის მშენებლობა, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „ბარიერია“. პროექტი ექვემდებარება აშშ-ს სანქციებს და უკვე დიდი ხანია დაძაბულობის წყაროს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორ მოკავშირეს შორის.

„თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების იმედი გვაქვს, უნდა შეიცვალოს პოზიციები. მხოლოდ ექსტერიტორიული სანქციების გაუქმება საკმარისი არ არის“,- განაცხადა ბეიერმა Bloomberg News-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის პრობლემის მოგვარების მიზნით, დისკუსიები უნდა შედგეს.

აღსანიშნავია, რომ ბეიერის პოზიცია მილსადენთან დაკავშირებით არ ასახავს მერკელის მმართველი კოალიციის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა დროებითი მორატორიუმის გამოცხადება CDU-ს სხვა დეპუტატებმაც მოითხოვეს.

მერკელის მთავრობამ უარყო აშშ-ს მოწოდება, შეაჩეროს გაზსადენის პროექტი და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები, საფრთხეს უქმნის, როგორც გერმანიის, ისე ევროპის სუვერენიტეტს.

აშშ აცხადებს, რომ Nord Stream 2 ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას ზრდის. დაწესებულმა სანქციებმა საერთაშორისო კომპანიების ნაწილი აიძულა, შეწყვიტონ პროექტში მონაწილეობა. დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრიჯიტ ჯენინი