LIVE

ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს, რას ნიშნავს ეს ლარის კურსისთვის

26 ოქტ 202615:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 110
ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს, რას ნიშნავს ეს ლარის კურსისთვის

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სექტემბერში მისმა წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მილიარდ დოლარს აღწევს.

"როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის," აცხადებს ეროვნული ბანკი.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3 მილიარდ 370 მილიონ 700 ათასი ლარი დოლარი შეადგინა, ეროვნულმა ბანკმა განსაკუთრებით გაზარდა შესყიდვების მოცულობა აპრილიდან, ხოლო მაისში და ივნისში, აპრილთან შედარებით, ფაქტობრივად, გააორმაგა. წლევანდელი სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ დოლარი
  • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ დოლარი
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6  მლნ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ დოლარი
  • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ დოლარი
  • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ დოლარი

მეორე მხრივ, ვინაიდან ეს შესყიდვები იმას ნიშნავს, რომ დოლარის სანაცვლოდ მარეგულირებელი ბაზარს ჭარბ ლარს აწვდის, რაც ფულის მასას ზრდის და შესაბამისად, ინფლაციაზე ნეგატიურად აისახება, ეროვნულ ბანკს ბაზრიდან ლარის ამოღებაც მოუხდა.

ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი უკან ამოიღო, ანუ “მონეტარული სტერილიზაცია" ჩაატარა ბანკებზე გაცემული ერთკვირიანი რეფინანსირების სესხების 4 მილიარდი ლარიდან 250 მილიონამდე შემცირების და ერთთვიანი სესხების სრულად განულების გზით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე გაყიდა მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რითაც ეს თანხა კომერციული ბანკების ანგარიშებიდან ეროვნულ ბანკში დააბრუნა, სანაცვლოდ კი ფინანსთა სამინისტრო ბანკებს სარგებელს იქით გადაუხდის. მეორე მხრივ, ეროვნულმა ბანკმა ასევე გამოუშვა სადეპოზიტო სერთიფიკატები და სექტემბრის ბოლოსთვის დაახლოებით 570 მილიონი ლარის ჭარბი ლარი კვლავ საკუთარ ანგარიშებზე დააბრუნა, ხოლო ამისთვის ბანკებს საპროცენტო სარგებელს ასევე იქით გადაუხდის. 

ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების ფონზე გააქტიურებულ "მონეტარულ სტერილიზაციას" ეჭვის თვალით უყურებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ეხება, ხოლო პარალელურად, ამ ფონზე ლარის კურსს მეტად გამყარების საშუალებას არ აძლევს. 

"ორი რამე აქვს გასაკეთებელი ეროვნულ ბანკს: პირველი, თუ გაქვს ინფლაციის პრობლემა, გაზარდე განაკვეთი. რატომ არ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი? ჩემი ვარაუდით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მომხრე, რომ განაკვეთი გაიზარდოს და შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური დაკვეთა. მეორე, როცა სამ მილიარდ დოლარს ამოიღებ კომერციული ბანკებიდან რეზერვების გასაზრდელად და ასეთი დისბალანსი არის მოთხოვნა-მიწოდების მხარეს დოლარზე და ლარზე, გაცვლითი კურსი საქართველოში არ უნდა რჩებოდეს თითქმის იგივე და არ უნდა ჩამოდიოდეს 2.7-დან თუნდაც 2.6-მდე, უნდა ჩამოდიოდეს ბევრად უფრო მეტად. წელს, განსაკუთრებით, როცა იმპორტირებული ინფლაციის წილი ასეთი მაღალი არის საწვავის ფასის გამო, კურსი რომ იყოს 2.1 ან 2.2, ეს მყისიერად გამოიწვევდა ინფლაციის შემცირებას და არც საწვავი გაძვირდებოდა ასე მკვეთრად," განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ხიშტოვანმა "ბიზნესი დღეს" ეთერში. მისი აზრით, მთავრობას დღეს აწყობს უფრო მაღალი ინფლაცია იმისთვის, რომ მეტი გადასახადი აკრიფოს, საგადასახადო გეგმა შეასრულოს და ლარის ნაკლებად გამყარება აწყობთ იმ ექსპორტიორებსაც, ვინც ყველაზე მეტად ლოალურები არიან მმართველი პარტიის მიმართ. 

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.