LIVE

საქართველოში ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება

01 ივნ 202617:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 16
საქართველოში ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება
ათი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადგურის მეშვეობით, საქართველო უკეთ შეძლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და დაბინძურების წყაროების გამოვლენას. 
 
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
 
ხუთი ახალი სადგური უკვე ამოქმედდა რუსთავში, ფოთში, ზესტაფონში, ზედა საქარასა და ოზურგეთში. 2026 წლის ბოლომდე, მათ კიდევ ხუთი სადგური დაემატება, რომლებიც ბოლნისში, გორში, სიღნაღში, ბორჯომსა და ჭიათურაში განთავსდება.
 
თანამედროვე ტექნოლოგია ზომავს ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემცველობას, რომელთა შორისაა მცირე ზომის მყარი ნაწილაკები (PM2.5), სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი (NO₂), ინდუსტრიული ემისიები (SO₂) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO), იგივე მხუთავი აირი, რომელიც წიაღისეული საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება.
 
მაღალი სიზუსტის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და წყაროების დადგენა კონკრეტულ ადგილისა და დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, რაც შესაბამისი რეაგირებისა და დაბინძურების შემცირებისა თუ აღმოფხვრის წინაპირობას შექმნის. 
 
„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია“, განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების
ხელმძღვანელმა.
 
„ჰაერის ხარისხის სანდო მონაცემები აუცილებელია ეფექტური მოქმედებისთვის. მონიტორინგის სადგურები რეალურ დროში გვაწვდიან ინფორმაციას დაბინძურებისდონის შესახებ და ხელს უწყობენ დაბინძურების წყაროების დადგენას, იქნება ესსატრანსპორტო საშუალებები, მრეწველობა, გათბობა თუ მტვერი. ამ მონაცემების საფუძველზე მიღებული ინფორმირებული გადაწყვეტილებები დაიცავს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს“, - აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
 
საქართველოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.
 
ჰაერის ხარისხი საქართველოში 
 
ჰაერის დაბინძურება მწვავედ აისახება მსოფლიო ეკონომიკასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. გლობალური მონაცემით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, შრომის პროდუქტიულობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, რაც ეკონომიკურ ტერმინებში, ყოველწლიურად 8 ტრილიონზე მეტი დოლარის, ანუ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს იწვევს.
 
ჰაერის ხარისხის ინდექსის (AQI) 2025 წლის მონაცემებით, საქართველო 143 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა (AQI 66). ჰაერის ხარისხის ზოგადი მაჩვენებელი მეტნაკლებად მისაღებია, თუმცა მცირე ზომის მყარი ნაწილაკების (PM2.5) რაოდენობა 3.4-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებულ ყოველწლიურ მითითებებს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია.
 
მსოფლიო ბანკის 2020 და 2025 წლების კვლევები ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე. 2018 წელს, ჰაერის დაბინძურება ქვეყანას დაახლოებით 560 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა ჯანდაცვის ხარჯების, პროდუქტიულობის დაკარგვისა და ცხოვრების ხარისხის შემცირების სახით. სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე, მათ შორის ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავედ აისახება.