კრედო ბანკმა EBRD-ისგან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ახალი სესხი მიიღო $40 მილიონის ოდენობით.
ამ თანხით კრედო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დააფინანსებს ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებულად კი რეგიონებში და უფრო მეტი ფოკუსით ქალების მიერ დაფუძნებულ საწარმოებზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განმარტავს, რომ საფინანსო ინსტიტუტისთვის ადგილობრივ ვალუტაში სესხის მიწოდებით ცდილობს ქართული ბიზნესისთვის უმთავრესი პრობლემის გადაჭრას, რამდენადაც საშუალოვადიან და იაფ ლარის რესურსზე წვდომა ლიმიტირებულია. შესაბამისად, ევრობანკის მოლოდინია, რომ ამ დაფინანსებით გაიზრდება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობა, რომლებიც, თავის მხრივ, ეკონომიკის და დასაქმების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან.
შეთანხმება გულისხმობს, რომ მიღებული თანხის მინიმუმ 45 პროცენტს კრედო ბანკი ქალების მიერ მართულ ბიზნესებსზე გაასესხებს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში გენდერული სხვაობის შემცირებას.