
VTB ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, საბანკო სექტორის მხრიდან სესხების საყოველთაო გადავადების საჭიროება აღარ დგას.
როგორც არჩილ კონცელიძე განმარტავს, კომერციული ბანკები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან. ამასთან, კონცელიძე მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორს პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით შექმნილი რეზერვის გაზრდა არ მოუწევს.
„ერთი წელი გვქონდა, რომ ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები შეგვესწავლა. ძირითადი სესხები ან რესტრუქტურიზებულია ან ადეკვატური რეზერვია გაკეთებული. შევხედავთ ინდივიდუალურ შემთხვევებს და თუ დავინახავთ, რომ ბიზნესი ან მოსახლეობა ითხოვს გადავადებას, ჩვეულებრივად კომერციული პირობებით გავაგრძელებთ მუშაობას. მორიგი საყოველთაო გადავადების საჭიროებას კი ვერ ვხედავ და ეს დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, კომერციულმა ბანკებმა სხვადასხვა კატეგორიის მსესხებლებს ვალდებულებები სამჯერ გადაუვადეს. ამასთან, პრობლემური სესხებისთვის ბანკებს 1.2 მილიარდ ლარიანი რეზერვის გაკეთება დასჭირდათ, რამაც საბანკო სექტორის მოგება შეამცირა.