LIVE

მთავრობა 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას პრივატიზებას გეგმავს

30 მარ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1026
მთავრობა 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას პრივატიზებას გეგმავს

ეკონომიკის სამინისტრო პროგრამას - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ აფართოებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, განახლებული პროგრამა საერთო ჯამში 350 000 000 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

კერძოდ, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმოები, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები

მათ შორის, წიაღის კომპონენტს 50 სხვადასხვა ტიპის 50 00 000 ლარის საწყისი ღირებულების საბადო დაემატება. ახალი ობიექტებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი 60 000 000 ლარს შეადგენს.

„ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 82 502 751 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადო, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 20 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 1 086 ადამიანს შეადგენს.