
The Coca‑Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ქუინსი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა და კოკა-კოლა ზეროს პერსონალური შუშის ბოთლი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ავრცელებს.
კომპანიის თანახმად, ეს მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაა, რამდენადაც 2005 წლიდან - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობა ჯორჯ ბუშმა დაიკავა - კოკა-კოლა აშშ-ს თითოეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლას ბოთლით აღნიშნავს.
47-ე პრეზიდენტისთვის პერსონალურად დამზადებული სასმელი გაყიდვაში არ იქნება, თუმცა კომპანია თეთრ სახლს მიაწვდის და შესაბამისად, ის წარმოდგენილი იქნება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
"The Coca Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან აშშ-ს არჩეული პრეზიდენტისთვის სიმბოლური საჩუქრის გადაცემის ეს ტრადიცია ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა. “კოკა-კოლა” უბრალოდ გაზიანი სასმელი არ არის. თითქმის 140 წლის განმავლობაში “კოკა-კოლა” იყო ამერიკის დემოკრატიის, კულტურის, განათლების სიმბოლო და ისეთი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც ტრამპია და აშშ-ის სხვა პრეზიდენტებიც, ყოველთვის აფასებდნენ კომპანიას. ეს იმის სიმბოლოც არის, რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს სახელმწიფოსთვის და ცალკეული ბიზნესების განვითარებას ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. პერსონალურ ბოთლს უძღვნიან და პრეზიდენტიც იღებს ამ სიმბოლურ საჩუქარს, რადგან პრეზიდენტებიც თვლიან, რომ „კოკა კოლასთან“ გამოჩენა არის პრესტიჟული. ეს არის ორმხრივი პატივისცემა, პატივისცემა იმ სიმბოლოების, რომლებიც აგერ უკვე 140 წლის განმავლობაში ქმნიან ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას და ამავე დროს, ეს არის ინსტიტუციების პატივისცემა. ქვეყნის ეკონომიკას ბიზნესი ქმნის; სახელმწიფოს ქმნიან ასეთი დიდი კომპანიები და არა მარტო პიროვნებები. ჩვენც, მაგალითად, საქართველოში ასეულობით მილიონი გვაქვს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ამას ახსნა არ სჭირდება,“ - განაცხადა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.
არჩეული პრეზიდენტისთვის ნაჩუქარ კოკ-კოლას ბოთლს თან ახლდა ბარათიც სადაც წერია, რომ "126 წლის წინ ჯორჯიაში, ატლანტაში დაფუძნებული The Coca-Cola Company ამაყად აგრძელებს იმ ბრენდის წარმოებას, რომელიც ადამიანებს უყვართ.
"60-ზე მეტ დამოუკიდებელ ჩამომსხმელ პარტნიორთან ერთად, Coca-Cola-ს ქსელი აგენერირებს $58 მილიარდზე მეტს აშშ-ს ეკონომიკაში ყოველწლიურად და ქმნის 860,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს," ვკითხულობთ ტრამპისთვის გადაცემულ სასაჩუქრე ყუთში წარმოდგენილ ბარათზე.