LIVE

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ შესუსტებულია, ფასის ზრდის ტემპი შენელდა

07 ოქტ 202417:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ შესუსტებულია, ფასის ზრდის ტემპი შენელდა

აგვისტოში, ისევე როგორც ივლისში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლის დასაწყისთან შედარებით, კვლავ შესუსტებული დარჩა. კერძოდ, Galt & Taggart-ის თანახმად, დეველოპერებმა აგვისტოში 2.6%-ით ნაკლები ბინა გაყიდეს, 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, ახლადაშენებულ ბინებზე ფასები თვიურ ჭრილში მაინც 0.3%-ით გაიზარდა, საშუალოდ $1,301-მდე კვადრატულ მეტრზე, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ.

„წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9%- დან 2%-მდე შემცირება,“ ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, 1,584 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.6%-იანი, ხოლო თვიურად 5.4%-იანი კლებაა. შესაბამისად, ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 13,080 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი კლებაა და ესეც მოთხოვნის შესუსტებაზე მეტყველებს.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, შესუსტებული მოთხოვნა მოქმედებს მიწოდებაზეც და გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. Galt & Taggart ელის, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მოლოდინში არიან.