LIVE

მე-2 კვარტალში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა, ორი კვარტლის ჯამური კლება 34%-ია

09 სექ 202412:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
მე-2 კვარტალში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა, ორი კვარტლის ჯამური კლება 34%-ია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველომ 574.3 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიიღო, რაც წლიურად 10.3%-იანი ზრდაა, თუმცა გასული კვარტლის 64%-იანი წლიური კლების შემდეგ, ორი კვარტლის ჯამური მაჩვენებლებით ქვეყანას ინვესტიციებში 34%-იანი ჩამორჩენა აქვს წინა წელთან შედარებით.

მეორე მხრივ, საქსტატი განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: წინა კვარტალთან შედარებით სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 80% რეინვესტირებაზე მოდის, ანუ კომპანიების უმეტესობამ მიღებული მოგება კვლავ ბიზნესში დააბანდა, ხოლო მათმა ნაწილმა ვალი გაისტუმრა და ეს შეფასდა როგორც ინვესტიცია. რეალურად, 574 მილიონ 300 ათასი დოლარიდან სააქციო კაპიტალში ინვესტირება სულ 101 მილიონი დოლარია, ანუ მეორე კვარტლის ჯამური ინვესტიციების 17,5%. ეს უკანსკნელი წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 26,7 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

საქსტატი ასევე იუწყება, რომ მეორე კვარტლის ინვესტიციების თითქმის ნახევარი გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების შესახებ ჩვენ მიერ საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, 266 მილიონი დოლარი, რაც ბრიტანეთიდან და მისი ვირჯინიის კუნძულებიდან შემოვიდა ნაწილდება შემდეგ კომპანიებზე:

  • სელფი მობაილი (ყოფილი ბილაინი)
  • ჯეოსთილი (არმატურის წარმოება, რუსთავი)
  • მინა (ქსნის მინის ტარის ქარხანა)
  • ტურინვესტი (ჰილტონ ბათუმი, ბელვიუ რეზიდენს ბათუმი)
  • ატლას ჰოლდინგსი (აჭარაბეთი)
  • ბიჯეო ჯგუფი (საქართველოს ბანკი)

საერთო ჯამში კი, მეორე კვარტლის ტოპ 20 ინვესტორს შორის ასევე გვხვდებიან IDS Borjomi, თბილისი ენერჯი (ყაზტრანსგაზი), სილქ როუდ ჯგუფი, სიბიდი დეველოპმენტი, სოკარი, ენერგო-პრო ჯორჯია.