LIVE

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

06 თებ 202415:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, საქართველოში კი - 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე, კვლევის მიხედვით, 49.25 მბ/წმ-ია. 

საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცეგოვინა - 28.03 მბ/წმ, ინდონეზია - 27.87 მბ/წმ, მაროკო - 27.59 მბ/წმ, ბუტანი - 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო - 25.37 მბ/წმ, ბენინი - 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა - 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი - 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი - 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი - 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი - 39.78 მბ/წმ) და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35.25 მბ/წმ). 

კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ-კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საემიროებს (303.21 მბ/წმ.), კატარს (244.44 მბ/წმ) და ქუვეითს (183.83 მბ/წმ.) აქვთ. 

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა. 

მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა: ბოტსვანა 40.61 მბ/წმ, ისრაელი - 40.56 მბ/წმ, მავრიტანია - 40.19 მბ/წმ, ჩილე - 37.65 მბ/წმ, მაროკო - 37.56 მბ/წმ, თურქეთი - 36.10 მბ/წმ, უგანდა - 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი - 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით.  

მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი - 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი - 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი - 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.