LIVE

საქართველოში წლიური ინფლაცია 0%-ია - საქსტატი

02 თებ 202411:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 540

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0% შეადგინა. 

ნულოვანი წლიური ინფლაცია ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან მიმართებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ინფლაციის ასეთი მაჩვენებლის მიზეზი მაღალი საბაზო ეფექტია, რამდენადაც 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია საკმაოდ მაღალი, 9.4% იყო.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2% იყო.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%).

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2%-ით. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4%) და პირადი ჰიგიენა (4.1%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით. ფასებმა მოიმატა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8%). 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასებმა იკლო 2.4%-ით. ფასების შემცირდა ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი - კლება 15.9%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 11.3%;
  • პური და პურპროდუქტები - 9%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 4.1%.

ამასთან, ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი - ზრდა 19.7%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები - 6.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 2.9%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.7%;
  • თევზეული - 1.9%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 1.3%.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3%-ით. ფასებმა იკლო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9%).