LIVE

სოციალური ქსელის მავნე გავლენების გამო, მარკ ცუკერბერგმა ოჯახებს მოუბოდიშა

02 თებ 202410:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
სოციალური ქსელის მავნე გავლენების გამო, მარკ ცუკერბერგმა ოჯახებს მოუბოდიშა

კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორიამ, მარკ ცუკერბერგმა, აშშ-ს სენატის მოსმენაზე დამსწრე ოჯახებს, სოციალური ქსელების მავნე გავლენის გამო, ბოდიში მოუხადა.

ამერიკის სენატმა მოსმენაზე, სადაც ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი განიხილება, მსხვილი სოციალური ქსელების აღმასრულებლები დაიბარა. Facebook-სა და Instagram-ის აღმასრულებელი დირექტორის გარდა, მოსმენას ესწრებოდა TikTok-ის, X-ის, Snap-ისა და Discord-ის ხელმძღვანელები. კანონმდებლებმა მათ კითხვები დაუსვეს იმის შესახებ თუ რას ღონისძიებებს ატარებენ, ონლაინ სივრცეში ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად.

მოსმენას ესწრებოდნენ ის მშობლები, რომელთა შვილებმა სოციალურ მედიაში გავრცელებული კონტენტის შედეგად, თავი მოიკლეს ან დაიზიანეს. მარკ ცუკერბერგმა სწორედ მათ წინაშე მოიხადა ბოდიში.

„ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიარეთ, ეს საშინელებაა. არავინ უნდა გადაიტანოს ის, რაც თქვენმა ოჯახებმა განიცადეს“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგის გარდა, ჩვენების მიცემას TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი, შუ ზი დასთანხმდა. ამ შემთხვევაში სენატორებმა ისარგებლეს შემთხვევით და ბავშვების დაცვის საკითხის გარდა, სხვა თემაზეც დასვეს კითხვები. მათ შორის იმაზე, უზიარებს თუ არა ჩინური კომპანიის, ByteDance-ის მფლობელობაში არსებული TikTok-ი აშშ-ს მომხმარებლების ინფორმაციას ჩინეთის მთავრობას, რაზეც შუმ უარი განაცხადა. მას ასევე ჰკითხეს, ჰქონია თუ არა ოდესმე ან ახლა აქვს თუ არა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან რაიმე კავშირი. ამ კითხვაზე შუ ზიმ განმარტა, რომ ის სინგაპურელია და ასეთი კავშირები არასდროს ჰქონია. 

ონლაინ უსაფრთხოების შესახებ შუ ზიმ განაცხადა, რომ თავად 3 მცირეწლოვანის მამაა და იაზრებს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას. მან დაადასტურა, რომ თავისი შვილებიდან TikTok-ს არცერთი არ იყენებს, რადგან სინგაპურის მთავრობა 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპლიკაციის გამოყენებას კრძალავს.

კომპანიის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს იმაზეც თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა. მათ ასევე დაასახელეს რამდენ ადამიანს ასაქმებენ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის რეგულირებისთვის.

Meta-მ და TikTok-მა, რომელთა მომხმარებელი ყველაზე მრავალრიცხოვანია, განაცხადეს, რომ 40 000 მოდერატორი ჰყავთ, Snap-ის თქმით, მას ჰყავს 2 300, X-ს - 2 000, ხოლო Discard-მა განაცხადა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი, უფრო პატარა გუნდი ჰყავდა ამ მიმართულებით.

იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების აქტი (KOSA) დამტკიცდება, სოციალურ ქსელის კომპანიებს ვალდებულება ექნებათ, არასრულწლოვანთა მიმართ ონლაინ ბულინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ კონკრეტული ზომები მიიღონ.

პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო მიზნებისთვის 18 წლამდე ასაკის ადამიანების მონაცემთა დამუშავების აკრძალვა. ასევე უნდა წარადგინონ ისეთი ფუნქციები, რომლებიც მშობლებისა და მეურვეების ბავშვების აპლიკაციების პარამეტრებზე წვდომას უზრუნველყოფს.