LIVE

გაყიდვებისა და აქციების ფასების ვარდნის ფონზე, H&M-ის აღმასრულებელმა პოსტი დატოვა

04 თებ 202410:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 287
გაყიდვებისა და აქციების ფასების ვარდნის ფონზე, H&M-ის აღმასრულებელმა პოსტი დატოვა

H&M-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰელენა ჰელმერსონმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ეს იმის ფონზე, როდესაც შვედური მოდის საცალო ვაჭრობის კომპანიის გაყიდვები კვლავ ჩამორჩება კონკურენტების, Inditex-სა და Shein-ის შედეგებს. 

ჰელმერსონმა, რომელიც აღმასრულებლის თანამდებობას ოთხი წელი იკავებდა, განაცხადა, რომ პოზიცია "ძალიან მომთხოვნი" იყო და მის გასაგრძელებლად ენერგია არ ჰქონდა.

კომპანიის ოფიციალური განცხადებით, აღმასრულებლის პოზიციაზე დიდი ხნის თანამშრომელი, დანიელ ერვერი დაინიშნა. 42 წლის ერვერი H&M-ში უკვე 18 წელია მუშაობს. მან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დაკავების ინტერესი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოხატა, საბჭომ კი საბოლოო გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

H&M-ის აქციების ფასი 12%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ დეკემბრისა და იანვრის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა. ყველაზე დატვირთულ დროს, სადღესასწაულო პერიოდში კომპანიის გაყიდვები წლიურად 4%-ით არის შემცირებული.

მეოთხე კვარტლის საოპერაციო მოგებამ 4,33 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 821 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა კომპანიის ეს შედეგი, ანალიტიკოსების პროგნოზს - 4,57 მილიარდ შვედურ კრონას ჩამორჩება.

კარლ-იოჰან პერსონი, H&M-ის თავმჯდომარე და დამფუძნებლის, ერლინგ პერსონის შვილიშვილი, აცხადებს, რომ კომპანიას „შემდგომი გაუმჯობესებისთვის კარგი პირობები აქვს“. პერსონების ოჯახი H&M-ის 51%-იანი წილის მფლობელია.

H&M ბოლო პერიოდია ორიენტირებულია მოგების და არა გაყიდვების მოცულობის ზრდაზე. წელს კომპანია მიზნად ისახავს, 10%-იან საოპერაციო ზღვარს მიაღწიოს, მაღაზიების დახურვითა და პერსონალის გათავისუფლებით კი ხარჯები შეამციროს.