LIVE

UPS-ი 12 000 მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებს

31 იან 202415:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
UPS-ი 12 000 მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებს

გლობალური ლოჯისტიკური კომპანია, United Parcel Service-ი $1 მილიარდის დაზოგვის მიზნით, მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული 85 000 თანამშრომლიდან 12 000-ს ათავისუფლებს. კომპანიამ ამის შესახებ არასახარბიელო შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

სიახლის გავრცელების შედეგად, UPS-ის აქციები 8,2%-ით შემცირდა, რაც გასული წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ქეროლ ტომეს განცხადებით, სამუშაო ადგილების შემცირება კომპანიის 116-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. მისივე თქმით, ამას ახალმა ტექნოლოგიებმა, მათ შორის ხელოვნურმა ინტელექტმა შეუწყო ხელი.

„ჩვენ ვცდილობთ ორგანიზაცია სრულად მოვარგოთ მნიშვნელოვან სტრატეგიებს, რისთვისაც რესურსების გაერთიანებით ვაპირებთ“, - განაცხადა ტომემ, რომელიც დასძენს, რომ შემოსავლების ზრდის შემთხვევაშიც, გაუქმებული პოზიციები არ აღდგება.

პანდემიის პიკური მოთხოვნის დროს კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა 540 000-მდე გაიზარდა, ახლა კი 495 000-მდეა შემცირებული. თავად ქეროლ ტომემ აღმასრულებლის პოზიცია პანდემიის ბუმის შემდეგ, 2022 წელს დაიკავა და მისი მთავარი მოწოდება კომპანიის ხარისხი და არა ზომის გაზრდა იყო. სწორედ ამიტომ, გაზრდილი შრომითი ხარჯებისა და ონლაინ გაყიდვების შემცირებული მოცულობის ფონზე, კომპანიის სიძლიერის შესანარჩუნებლად, მას გაბედული ნაბიჯების გადადგმა უწევს.

შედეგების წარდგენის ღონისძიებაზე, ქეროლ ტომემ და UPS-ის სხვა აღმასრულებლებმა უფრო დიდ ცვლილებებზეც მიანიშნეს. ამის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კომპანია 26 მარტს, ინვესტორების დღეს გაამჟღავნებს.