LIVE

კომპანიამ, რომელსაც წერეთლის გამზირის კონტრაქტი შეუწყდა, იგოეთი-ახალქალაქის გზის ტენდერი მოიგო

25 იან 202413:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
კომპანიამ, რომელსაც წერეთლის გამზირის კონტრაქტი შეუწყდა, იგოეთი-ახალქალაქის გზის ტენდერი მოიგო

კომპანიამ, რომელსაც დარღვევების გამო, მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე კონტრაქტი შეუწყვიტა, 15 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.

სწორედ შპს "ერ ტე დე"-სთან გააფორმა ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და შესაბამისად, კომპანია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის რეაბილიტაციაზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს, წერეთლის კონტრაქტის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში გაფორმდა და 2025 წლის 25 აპრილამდეა ძალაში.

tendermonitor-ის მიხედვით, შპს "ერ ტე დე"-ს 100 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულება 197.6 მილიონი ლარია.

„ერ ტე დეს“ დირექტორი და მფლობელი, ლუხუმ ქართლოსიშვილი მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში იძებნება. მან 2016 წლის 23 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.

პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება ორ კომპანიას, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს" და შპს „ერ ტე დეს“ მიმდინარე წლის 15 იანვარს შეუწყვიტა. კომპანიებმა ვადები დაარღვიეს და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.