თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
კერძოდ, პირობების დარღვევის გამო, მერიამ ხელშეკრულება ორ კომპანიას, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს" და შპს „ერ ტე დეს“ შეუწყვიტა.
კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილები, რომლებიც კომპანიებს დაეგზავნათ, 15 იანვრით თარიღდება. მათში აღნიშნულია, რომ ორივე კომპანიას არაერთი დარღვევა უფიქსირდება: ხელშეკრულებით, კონტრაქტორებს 24-საათიან რეჟიმში უნდა ემუშავათ, რასაც არ ასრულებდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენაც. ამასთან ირკვევა, რომ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა.
უწყების წერილის თანახმად, „დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე“.
ამის საპირისპიროდ, დედაქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, ანუ იანვრის ბოლოს.
„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- აცხადებენ მერიაში.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია, რომელზეც ჯამურად 32 600 000 ლარი იხარჯება, გასული წლის 19 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2024 წლის ბიუჯეტიდან აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე.