LIVE

Apple-მა, ჯარიმის სახით, რუსეთის ბიუჯეტში $12.3 მილიონი შეიტანა

23 იან 202412:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
Apple-მა, ჯარიმის სახით, რუსეთის ბიუჯეტში $12.3 მილიონი შეიტანა

Apple-მა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 1.18 მილიარდი რუბლი ($12.3 მილიონი) შეიტანა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ (FAS) განაცხადა. 

მარეგულირებელმა კომპანია, App Store-ის მეშვეობით, ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. FAS-მა ნოემბერში განაცხადა, რომ ამერიკულმა ტექნოგიგანტმა მომხმარებლებს დაუმალა, რომ მათ შესყიდვები App Store-ს გვერდის ავლითაც შეეძლოთ.

Apple-სა და რუსეთის კონკურენციის მარეგულირებელს შორის დავა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტექნოკომპანიას ჯარიმის გადახდა უწევს. 

რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული ჯარიმების გადასახდელად, ამერიკულ კომპანიებს აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ნებართვა სჭირდებათ.

Financial Times წერს, რომ Apple-სა და აშშ-ის ხაზინისგან მათ კითხვებზე პასუხი მყისიერად არ მიუღიათ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბევრმა დასავლურმა ტექნიკურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა. ქვეყანაში ფიზიკური პროდუქტების გაყიდვები Apple-მა 2022 წელს შეაჩერა, მაგრამ App Store და ზოგიერთი სააბონენტო სერვისი კვლავ ფუნქციონირებს. თუმცა, Apple-მა რუსული პროპაგანდისტული საშუალებების და სანქცირებული ბანკების აპლიკაციები App Store-დან წაშალა. იმის გამო, რომ iPhone-ები რუსეთში ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, ბევრმა ბანკმა გამოუშვა აპლიკაციების ახალი ვერსიები, რითაც სანქცირებული ფინანსური ორგანიზაციები Apple-ის აკრძალვის თავიდან აცილებას ცდილობენ.