LIVE

$2.4 მილიარდიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

22 იან 202411:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
$2.4 მილიარდიანი ბრუნვით რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

2023 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (2 მლრდ 979 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (2 მლრდ 402 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (2 მლრდ 46 მლნ აშშ დოლარი) არიან.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან იმპორტი წლიურად 5%-ით შემცირდა და მთლიანი იმპორტის 11.3% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 1 მლრდ 744 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. ერთ წელში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე;
  • ხორბალი და მესლინი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-დეკემბერში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 2.3%-ით, 657 მლნ 44 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • სპირტიანი სასმელები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით. 

2023 წელს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862 მლნ 100 ათასი აშშ დოლარი), სომხეთი (787 მლნ 100 ათასი აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი).  

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 მლრდ 127 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479 მლნ 300 ათასი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9%), ხოლო მესამეზე - ყურძნის ნატურალური ღვინო 259 მლნ აშშ დოლარით (4.3%).

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ლიდერობდა თურქეთი (2 მლრდ 570 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ იყო აშშ (1 მლრდ 949 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 მლრდ 745 მლნ აშშ დოლარი). 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 3 მლრდ 162 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 მლრდ 167 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.6%), ხოლო მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542 მლნ 800 ათასი აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 6 მლრდ 91 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წელთან შედარებით, 9.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

12 თვეში, იმპორტი წლიურად 14%-ით გაიზარდა და 15 მლრდ 438 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ იმპორტი ექსპორტს 2,5-ჯერ აღემატება.

ჯამურად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 მლრდ 529 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.

2023 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9 მლრდ 348 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.