LIVE

მეცნიერებმა პირველი ფუნქციური გრაფენის ჩიპი შექმნეს

21 იან 202415:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 321
მეცნიერებმა პირველი ფუნქციური გრაფენის ჩიპი შექმნეს

მეცნიერებმა მსოფლიოში პირველად გრაფენისგან დამზადებული ფუნქციური ნახევარგამტარი შექმნეს. გრაფენი ნივთიერებაა, რომელიც გამძლეობით, მოქნილობით, სიმსუბუქითა და მაღალი გამტარობით გამოირჩევა.

გრაფენის ჩიპის შესახებ ახალი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. როგორც ცნობილი გახდა, ჩიპი შექმნილია ნანო ელექტრონიკაში გამოყენებისთვის. ავტორების განცხადებით, აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალი თაობის ელექტროტექნიკისთვის, რამდენადაც გრაფენს სილიკონის ჩანაცვლება შეუძლია.

„გრაფენი არის შემდეგი ნაბიჯი. არავინ იცის ამის შემდეგ რა მოხდება, თუმცა გრაფენს აქვს პოტენციალი მომდევნო 50 წლის განმავლობაში პარადიგმა გახდეს“,- განაცხადა აშშ-ს ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წამყვანმა ავტორმა, ვალტერ დე ჰეერმა.

10-წლიანი კვლევის შემდეგ, დე ჰეერის გუნდმა შეძლო გრაფენის ქიმიური თვისებების სრულყოფილ სტრუქტურამდე შეცვლა. შედეგად მიღებული მაღალი ხარისხის ნახევარგამტარი, სილიკონისგან დამზადებულ ჩიპებზე ბევრად სწრაფი და ენერგოეფექტურია. ცნობილია, რომ სილიკონისგან დამზადებული ელექტრონული მასალები ენერგიას არა მხოლოდ ფუნქციონირებისთვის, არამედ გამოყოფილი სითბოს გასაგრილებლადაც იყენებს. გრაფენის შემთხვევაში კი ეს საჭიროება არ არსებობს.

გრაფენი ნახშირბად ატომების თხელი, ერთი ატომის სისქის ფენაა, რომელშიც ატომები ექვსკუთხედის წვეროებშია განლაგებული. ის 200-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ფოლადი, მისი  მოქნილობა და გამტარუნარიანობა კი იდეალურია ელექტრონული მოწყობილობების დამზადების პროცესში.

გრაფენი მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ანდრეი გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა 2004 წელს აღმოაჩინეს და ამ მიღწევისთვის 2010 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.