გასული 12 წლის განმავლობაში პირველად, 2023 წელს Apple-მა სმარტფონების გაყიდვებით Samsung-ს გადაუსწრო და გლობალური ბაზრის უდიდესი წილი დაიკავა.
International Data Corporation (IDC)-ის Worldwide Quarterly Mobile Phone Tracker-ის წინასწარი მონაცემებით, Apple-მა გასულ წელს 234.6 მილიონი მობილური ტელეფონი გაყიდა, Samsung-მა კი - 226.6 მილიონი ტელეფონი. შესაბამისად, Apple-მა ბაზრის 20.1%, ხოლო Samsung-მა 19.4% დაიკავა.
ანგარიშის მიხედვით, სხვა კომპანიების მიერ გაყიდული სმარტფონების და ბაზრის წილის მონაცემები ასე განაწილდა:
- Xiaomi - 145.9 მილიონი - 12.5%;
- Oppo - 103.1 მილიონი - 8.8%;
- Transsion - 94.9 მილიონი - 8.1%;
- სხვები: 361.8 მილიონი - 31%.
ანგარიშის მიხედვით, ჯამში, გასულ წელს თითქმის 1.2 მილიარდი სმარტფონი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, ეს გასული 10 წლის განმავლობაში გაყიდული მობილური ტელეფონების ყველაზე დაბალი მაჩვენებელიცაა.
ანალიტიკოსების განმარტებით, შემცირებული გაყიდვები რამდენიმე მიზეზით აიხსნება: პანდემიის დროს სმარტფონი ბევრმა ადამიანმა განაახლა; ამასთან, ეკონომიკური გამოწვევებისა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, მომხმარებლების ნაწილი თანხის დაზოგვას არჩევს.
ექსპერტები სმარტფონების ბაზრის აღდგენას მომავალ წელს ელიან.