მაკეშ ამბანი $100 მილიარდის მფლობელთა კლუბს შეუერთდა.
ინდოეთის და აზიის უმდიდრესი ადამიანის ქონება $2,8 მილიარდით გაიზარდა და $101,8 მილიარდს მიაღწია.
66 წლის მილიარდერის ქონების მატება მისი ფლაგმანის, Reliance Industries-ის აქციების 2,6%-ით ზრდას უკავშირდება. კვარტული მოგების შესახებ ინფორმაციის შემდეგ, კომპანიამ ვაჭრობა რეკორდულ მაჩვენებელზე დახურა. ოქტომბერთან შედარებით, კომპანიის აქციების ფასი 22%-ით გაიზარდა.
ამბანი კომპანიის თავმჯდომარეა და მის 42%-ს ფლობს. კონგლომერატი აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, საცალო ვაჭრობა და სხვა.
საბაზრო ღირებულებით, Reliance Industries ინდოეთის უმსხვილესი კომპანიაა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, გასული წლის ივლისის შემდეგ, ის $100 მილიარდის მფლობელთა კლუბს პირველად უბრუნდება. ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიაში მაკეშ ამბანი მე-12 ადგილს იკავებს.