LIVE

ნიკეშ არორა სამსახურებში მიღებული ანაზღაურებებით მილიარდერი გახდა

04 იან 202410:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
ნიკეშ არორა სამსახურებში მიღებული ანაზღაურებებით მილიარდერი გახდა

Google-ის ყოფილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დასაქმებული, ნიკეშ არორა მილიარდერი გახდა. Bloomber Billionaires Index-ის მიხედვით მისი ქონება $1.5 მილიარდს შეადგენს.

55 წლის ნიკეშ არორა იშვიათი მილიარდერის სტატუსის მქონე CEO-ა, რომელიც საკუთარ კომპანიას არ ფლობს. მან ქონება წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე მიღებული სახელფასო დანამატებით დააგროვა. Google-ში, სადაც აღმასრულებელი 2002-2014 წლებში იყო, 2012 წელს ბონუსის სახით $51 მილიონი მიიღო. ამის შედეგად, მან კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებლის სტატუსი მოიპოვა.

2014 წლიდან არორა იაპონური ბანკის SoftBank Group-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი გახდა, სადაც ასევე რეკორდული რაოდენობის - $135 მილიონის ბონუსი მიიღო მუშაობის პირველივე წლის ბოლოს. იმ დროისთვის მას SoftBank-ის მთავარი აღმასრულებლისა და დამფუძნებლის მასაიშოი სონის სავარაუდო მემკვიდრედაც მოიხსენიებდნენ.

ბოლო და ყველაზე მსუყე სახელფასო დანამატი, არორამ Palo Alto Networks-დან მიიღო, სადაც აღმასრულებლის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. იმ დროისთვის არორამ კიბერუსაფრთხოების კომპანიისგან $125 მილიონის ღირებულების აქციები მიიღო ბონუსის სახით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის წარმატების ფონზე, $830 მილიონამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2023 წლის დანამატს, მან კომპანიისგან $220 მილიონის ღირებულების 750 000 აქცია მიიღო.