LIVE

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება ისევ გაიზარდა

30 დეკ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება ისევ გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

გამოცემის თანახმად, მისი ქონება ახლა $6.60 მილიარდს შეადგენს და 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მე-400 ადგილზეა. 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება ძირითადად კლებას აჩვენებდა, თუმცა სიტუაცია ოქტომბრის ბოლოდან შეიცვალა და ბოლო ორ თვეში მკვეთრი ზრდა აჩვენა.

Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.55 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის. 

Bloomberg-ის განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობითა და 1*-ით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.

ივანიშვილის ქონების შესახებ განსხვავებული მონაცემი აქვს Forbes. გამოცემის თანახმად, ქართველი მილიარდერის ქონება $4.9 მილიარდად არის შეფასებული.

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ $200 მილიონს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს. 

Forbes-ზე ივანიშვილის პროფაილი მის ციტატასაც მოიცავს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონიც საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია".