Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდამდე გაიზარდა, რაც გასული 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება ძირითადად კლებას აჩვენებდა, თუმცა სიტუაცია ოქტომბრის ბოლოდან შეიცვალა და ბოლო ორ თვეში მკვეთრი ზრდა აჩვენა.
ამ მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ივანიშვილის ქონება 17%-ით ანუ $950 მილიონით არის გაზრდილი.
Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.50 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის.
ამ დროისთვის, ივანიშვილი პლანეტის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ერთადერთი ქართველია და 396-ე ადგილს იკავებს.
Bloomberg-ის განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობითა და 1*-ით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.
ივანიშვილის ქონების შესახებ განსხვავებული მონაცემი აქვს Forbes. გამოცემის თანახმად, ქართველი მილიარდერის ქონება $4.9 მილიარდად არის შეფასებული.
2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ $200 მილიონს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.
Forbes-ზე ივანიშვილის პროფაილი მის ციტატასაც მოიცავს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონიც საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია".