LIVE

დაგროვებითი პენსიით 6 929 ადამიანმა ისარგებლა

22 დეკ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 279
დაგროვებითი პენსიით 6 929 ადამიანმა ისარგებლა

2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

საპენსიო სქემაში სულ 1 476 780 ადამიანია ჩართული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 6 929 მოქალაქემ უკვე ისარგებლა, პენსიის სახით გაცემული თანხა კი 20 811 344 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს, 2023 წელს საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 2023 წელი აქციების ბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, შესაბამისად ბოლო თვეების საინვესტიციო ამონაგების მიხედვით პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი ლიდერობს, რომელშიც აქციების წილი ყველაზე მაღალია.

ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია - კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური.

თუმცა კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.