LIVE

დღეიდან თავად აირჩევთ რა რისკიანობის პორტფელში ინვესტირდება თქვენი საპენსიო დანაზოგი

06 აგვ 202310:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
დღეიდან თავად აირჩევთ რა რისკიანობის პორტფელში ინვესტირდება თქვენი საპენსიო დანაზოგი

დღეიდან საპენსიო აქტივების ინვესტირება 3 განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში იქნება შესაძლებელი.  

გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, შემოდის საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების ცნება. მოქალაქეებს თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში სურთ საკუთარი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო არჩევანის გაკეთებისთვის საჭირო ინფორმაციას მოქალაქეებს საპენსიო სააგენტო მიაწვდის.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და მისი მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა.

საპენსიო სააგენტო ავრცელებს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა მოქალაქეებს ცვლილებასთან დაკავშირებით გაუჩდეთ, და ამავდროულად მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ. 

რა იცვლება 6 აგვისტოს?

როგორც იცით, აქამდე საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების დანაზოგები მთლიანად ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო განაწილებული. ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელი სტაბილური მომგებიანობით ხასიათდება, რადგან ინვესტირება უმეტესად საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე. 6 აგვისტოდან გარდა სტაბილური (ნაკლებადრისკიანი) პორტფელისა, ჩნდება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში ინვესტირების საშუალება, სქემაში ჩართულ მოქალაქეებს კი თავად შეეძლებათ ამ არჩევანის გაკეთება.

რა განსხვავებაა სტაბილურ, შერეულ და მზარდ პორტფელებს შორის?

მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა, რაც, თავის მხრივ, გრძელ ვადაში განსხვავებულ მომგებიანობასა და რისკიანობასთანაა დაკავშირებული.
ნაკლებადრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები. მცირე დოზით დასაშვებია ინვესტირება უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში. იმის გამო, რომ ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის მომგებიანობა შეადგენდა ჯამში 49%-ს, რაც წლიურ 9.3%-ს შეესაბამება. ინფლაციასთან მიმართებით ამ სტაბილურმა (ნაკლებად რისკიანმა) პორტფელმა ჯამში 10.13%-ით მეტი, ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა. ეს პორტფელი უკეთ შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება. ხშირად ასეთები არიან საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა.

მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები, განსხვავებით ნაკლებად-რისკიანისგან, უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. დასაშვებია ინვესტირება საპროცენტო ინსტრუმენტებშიც (დეპოზიტები, ობლიგაციები), თუმცა შედარებით მცირე წილით. ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო, ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც. კანონის შესაბამისად, მზარდ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 60%-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში მოხდება. გარდა ამისა, პორტფელის 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია „ალტერნატიული“ აქტივების კლასშიც, რაც მოიცავს მაღალი შემოსავლიანობის მქონე ისეთ აქტივებს, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები (კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდები და სხვა), პირდაპირი სესხები და სხვა. ეს პორტფელი უკეთ შეეფერებათ ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთა საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს. საშუალორისკიანი პორტფელი ამ ორი პორტფელის ნაზავია, შესაბამისად მას შერეული პორტფელი შეგვიძლია ვუწოდოთ. შერეულ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც სტაბილურ პორტფელზე მაღალია, თუმცა მზარდ პორტფელზე დაბალი. ამასთან, შერეულ პორტფელშიც შესაძლებელი იქნება „ალტერნატიულ“ აქტივების კლასში ინვესტირება.

როდიდან შეიძლება საინვესტიციო პორტფელების არჩევა?

6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს ეძლევათ 1 თვიანი ვადა (6 სექტემბრის ჩათვლით), რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის: 

• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები - შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები - სტაბილურ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია (my.pensions.ge), ასევე შესაძლებელია მონაწილემ ეს არჩევანი იუსტიციის სახლებიდან ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს. აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება.

როგორც ვხედავთ, მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის უცხოურ აქტივებში ინვესტირებაა. რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს უცხოურ აქტივებში ინვესტირება? 

როცა ვსაუბრობთ აქტივების საზღვარგარეთ ინვესტირებაზე, ძირითადად ვგულისხმობთ საერთაშორისო წილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას, ანუ - აქციებში ინვესტირებას, რაც მოიცავს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების წამყვან კომპანიებში ინვესტირებას. ვინაიდან საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები დივერსიფიცირებულია გეოგრაფიულად და სექტორულად, ამ აქტივების შემოსავლიანობა არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული კომპანიისა თუ ქვეყნის შედეგებზე.

რატომ არის კარგი და რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო აქტივების საერთაშორისო აქციებში ინვესტირება?

გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის ზრდის და მსყიდველთუნარიანობის შენარჩუნების. რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც მივიჩნევთ, რომ მიზანშეწონილია საპენსიო აქტივების ინვესტირება გლობალურ აქციებში: მაღალი შემოსავლიანობა: ისტორიულად, აქციებში ინვესტირება სხვა აქტივების კლასებთან შედარებით, როგორებიცაა მაგალითად ობლიგაციები, ბევრად უფრო მომგებიანია. აქციებში ინვესტირებით ხდები ამ კომპანიების მეწილე და შესაბამისად ხდები მათი ზრდისა და წარმატების ნაწილი. გლობალური ზრდის შესაძლებლობა: გლობალურ აქციებში ინვესტირება ხორციელდება სხვადასხვა რეგიონებისა და სექტორების კომპანიებში. მსგავსი პორტფელის ქონა საშუალებას აძლევს ინვესტორებს გახდნენ მსოფლიო ეკონომიკური ზრდისა და პროგრესის ნაწილი. დივერსიფიკაცია: პორტფელის მართვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დივერსიფიკაციაა. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება ნიშნავს ამ პორტფელში შემავალი აქტივების რაც შეიძლება მეტად გამრავალფეროვნებას, გაფართოებას, რათა რომელიმე კონკრეტული აქტივის ფასის ცვლილებით გამოწვეული რისკები შემცირდეს. გლობალურ აქციებში ინვესტირებით ერთდროულად რამდენიმე ათასი კომპანიის წილის მფლობელი ხდებით, რაც პორტფელის დივერსიფიკაციის და რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებაა. ინფლაციის დამარცხება: ისტორიულად აქციებში ინვესტირება ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. საპენსიო სააგენტოს მთავარი მანდატი გრძელვადიან პერიოდში სწორედ ინფლაციის დამარცხებაა.

ისტორიულად რამდენი იყო საშუალოდ გლობალურ აქციებში ინვესტირებით მიღებული შემოსავალი?

მიუხედავად იმისა, რომ წარსული შედეგები ყოველთვის არ იძლევა მომავალი მომგებიანობის უტყუარ პროგნოზს, მაინც საინტერესოა შევხედოთ გლობალური აქციების შედეგების გრძელვადიან ისტორიას. მაგალითად, შევხედოთ ამერიკის საფონდო ბირჟას, რომელიც 200 წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი კრიზისისა თუ ბუმის მომსწრე გამხდარა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, ბოლო 50 წლის განმავლობაში, საშუალოდ წლიურად 10%-11%-ით იზრდებოდა (დოლარში), უახლოეს 20-წლიან პერიოდში ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია 8%-9%-მდე, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალია. ზრდის ეს მაჩვენებლები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აქციებში ინვესტირების გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟებზე ამონაგები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტულ დროსა და ეკონომიკურ პირობებში. ამასთან, ბაზრის მოკლევადიანი რყევები შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ გრძელვადიანი ინვესტორები გლობალურ აქციებში ინვესტირებით მოგებულები რჩებიან.

რა რისკებთან არის დაკავშირებული გლობალურ აქციებში ინვესტირება?

ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, გლობალურ აქციებში ინვესტირება რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში. საფონდო ბირჟებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები თუ პანდემიები. მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები როგორც წესი არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება.

რატომ უნდა აირჩიოს სქემის მონაწილემ შერეული (საშუალორისკიანი) ან მზარდი (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი?

საპენსიო დანაზოგი, თავისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი დანაზოგისგან, მთავარი სხვაობა კი საინვესტიციო ჰორიზონტია. ვინაიდან საპენსიო დანაზოგების გამოყენება საპენსიო ასაკის მიღწევისას შეგვიძლია, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით მეტია თქვენი საინვესტიციო ჰორიზონტი. გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი კი მეტი რისკის აღების საშუალებას გაძლევთ და ბაზრის მოკლევადიანი რყევები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თქვენს საინვესტიციო მიზანზე. ისტორია კი საუკეთესო მასწავლებელია, მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ მომენტში საფონდო ბირჟებზე საკმაოდ მაღალი მერყეობა დაფიქსირებულა, ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო აქციების ბაზრების საშუალო შემოსავლიანობამ დოლარში, წლიური 8%-9% შეადგინა. ხოლო, თუ თქვენ საპენსიო ასაკთან ახლოს ხართ, მაშინ თქვენი საინვესტიციო მიზანიც განსხვავებულია და ამ დროს უმეტეს ადამიანებს დანაზოგების ღირებულების სტაბილურობა ურჩევნიათ, შესაბამისად, მათ სტაბილური (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი უკეთ შეეფერებათ.

უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს განსხვავებულ პორტფელებში ინვესტირება ინდივიდუალურად, მონაწილის საპენსიო დანაზოგებისთვის? 

საერთაშორისო კომპანიების აქციების ყიდვით გრძელ ვადაში მაღალი შემოსავლიანობის დაგენერირება შეგიძლიათ, ამასთან თქვენი დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იქნება ინვესტირებული, რაც თქვენს საპენსიო დანაზოგს უფრო უსაფრთხოს ხდის. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად თუ თქვენი ყოველთვიური საპენსიო დანაზოგი 100 ლარია და მის ინვესტირებას სტაბილურ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მაღალი ალბათობით მოსალოდნელია თქვენი დანაზოგის მოცულობამ 143,000 ლარს მიაღწიოს, თუ შერეულ პორტფელს აირჩევთ ეს თანხა 164,000-მდე იზრდება, ხოლო თუ მზარდ პორტფელში გადაიტანთ თქვენს დანაზოგებს მოსალოდნელია, რომ 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგი 185,000 ლარს გაუტოლდეს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ დაზოგილი ყოველთვიური 100 ლარი არ ითვალისწინებს ხელფასის მატების შემთხვევაში გაზრდილ შენატანებს, რა შემთხვევაშიც 35 წლის ბოლოს თქვენი დანაზოგები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის საპენსიო შენატანს მზარდ პორტფელში განახორციელებთ, 35 წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ თქვენი საპენსიო დანაზოგის მოცულობა 370,000 ლარს მიაღწევს. აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მაღალ რისკიან პორტფელში ინვესტირება მაღალ შემოსავლიანობასთან ერთად შესაბამისად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რაც მოკლევადიანი მერყეობით შეიძლება გამოისახოს.