LIVE

Microsoft-ი Discord-ის ყიდვას $10 მილიარდად განიხილავს

24 მარ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 538
Microsoft-ი Discord-ის ყიდვას $10 მილიარდად განიხილავს
Bloomberg

Discord-ის პოტენციურ მყიდველებში პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი, Microsoft-ი მოწინავეა. კომპანია ვიდეო თამაშების ჩეთის პროგრამის შეძენას 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებით განიხილავს, თუმცა სავარაუდოა, რომ Discord-ი არ გაიყიდოს და აქციების საჯარო შეთავაზება დაიწყოს.

როგორც Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი, მეთიუ კანტერმანი აღნიშნავს, Microsoft-ის შესაძლო გარიგება Discord-თან ლოგიკურია, რადგან პროგრამული გიგანტი უკვე დიდი ხანია თავისი სათამაშო ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისებისკენ წაყვანას ცდილობს.

"Discord-ის პრემიუმ შეთავაზების, Nitro-ს დამატება Game Pass სერვისში დიდი შესაძლებლობაა, რომ ამჟამინდელი გამომწერების რაოდენობა, 18 მილიონი, კიდევ გაიზარდოს”,- ამბობს კანტერმანი.

Microsoft-მა The Elder Scrolls-ისა და Doom-ის გამომცემელი, Bethesda Softworks-ის მფლობელი, ZeniMax-ი $7,5 მილიარდად უკვე შეიძინა. კომპანიის მიერ Discord-ის შეძენა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ვიდეო თამაშების განყოფილებაში ინვესტირების გაგრძელებას აპირებს.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Discord-ი თავისი უფასო სერვისით არის ცნობილი. პლატფორმა მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს ვიდეოს, ხმის და შეტყობინების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი გეიმერებზეა გათვლილი, პანდემიის დროს სახლში მყოფი ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ მის ტექნოლოგიას ვირტუალური შეკრებისთვის.

Discord-ს ყოველთვიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანია წარსულში მოლაპარაკებებს Epic Games-თან და Amazon-თანაც აწარმოებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დინა ბასი და კეიტი რუფი