ბრიტანული ნავთობკომპანია BP წითელ ზღვის გავლით ნავთობის გადაზიდვას შეაჩერებს. ამის მიზეზი იემენში მოქმედი ჰუსიტთა დაჯგუფების გემებზე თავდასხმაა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რეგიონში შექმნილ ვითარებას დააკვირდება და ამის შესაბამისად აღადგენს ნავთობის გადაზიდვას.
ანალიტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ სხვა მსხვილი ნავთობმწარმოებლებიც ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ფასი შესაძლოა გაიზარდოს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის შეიძლება იყოს გავლენა.
„ამჟამად გაურკვეველია როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს, თუმცა თუ უფრო მეტი კომპანია ერთი ან ორი კვირის განმავლობაში შეაფერხებს გადაზიდვებს, ფასები კიდევ გაიზრდება“,- განაცხადა გრეგორი ბრიუმ, Eurasia Group-ის ანალიტიკოსმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას წითელ ზღვაში გადაადგილება შეაჩერა უმსხვილესმა გადაზიდვის კომპანიებმა Mediterranean Shipping Company-მ (MSC) და Maersk-მა. MSC-ის გემზე თავდასხმა გასულ კვირას განხორციელდა, რასაც ეკიპაჟის დაშავება არ მოჰყოლია, თუმცა გემი მწყობრიდან გამოვიდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები, რომლებიც ჰამასის დაჯგუფებას ღიად უჭერენ მხარს, წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ გემებს ესხმიან თავს. თუმცა უცნობია, ყველა გემი, რომლებსაც ამბოხებულები ესხმიან, რეალურად ისრაელისკენ მიემართებოდა თუ არა.