LIVE

FDI-ს შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა - EUGBC

10 დეკ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
FDI-ს შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა - EUGBC

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებენ.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში (EUGBC) განუცხადეს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო საქართველოში ინვესტირებაზე ევროპულმა კომპანიებმა უარი თქვეს.

ამასთან, EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან ერთად ქვეყანაში ახალი ინვესტიციები მოიზიდოს.

„კვალიფიციური კადრების სიმცირე საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენს ერთ-ერთ წევრ კომპანიას სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიცია მოეზიდა და ახალი კომპანია შემოეყვანა. თუმცა საჭირო იყო კონკრეტულ სფეროში 500 კვალიფიციური კადრის მოძიება, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამის გამო ინვესტორმა საქართველოში ინვესტირებაზე უარი განაცხადა. ამიტომ სულ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ახალი ინვესტიციები მოიზიდოს. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც საქართველომ შესაბამისი განაცხადი გააკეთა, ინვესტორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესება გაიზარდა. თუმცა სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და მეტი ინტეგრაცია გვქონდეს ევროპულ ეკონომიკასთან“,- განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 316 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 504.3 მლნ აშშ დოლარით (61.5%) შემცირდა.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა. გამოკითხული კომპანიების თანახმად, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.