
კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებშია აღნიშნული.
გამოკითხული კომპანიების თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.
ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორები გამოკითხული კომპანიებისთვის 2023 წლის III კვარტალში:
III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია, რომელთა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა. კომპანიების 64% სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნული საკითხი ყველა კომპანიამ დაასახელა გამოწვევად, თუმცა სექტორებს შორის, ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვისაა ხელის შემშლელი, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებისთვის. საწარმოს ზომის მიხედვით კი, ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები ასახელებენ ხელის შემშლელად (72%).
სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხული კომპანიების 49%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე ვაჭრობის სექტორისთვისაა (63%), საწარმოთა ზომის მიხედვით კი, საშუალო ზომის კომპანიებისთვის (61%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულთა 44%-მა დაასახელა. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მომსახურების სექტორისთვისაა (56%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორს აწუხებს (0%). ამასთან, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (72%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა საქმიანობისთვის ხელის შემშლელად კომპანიების 29%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (50%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (22%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აწუხებთ (44%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
შეზღუდული ფინანსური რესურსები გამოკითხული კომპანიების 13%-ს აწუხებს. შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (25%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით კი, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (17%).
BAG ინდექსის მიხედვით, რომელიც ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, მესამე კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 45% საუბრობს, რაც 9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტლის მონაცემებზე.