LIVE

საქართველოში III კვარტალში უცხოური ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა - საქსტატი

08 დეკ 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 292

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 316 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 504.3 მლნ აშშ დოლარით (61.5%) შემცირდა. 

საქსტატის თანახმად, უცხოური ინვესტიციების კლების უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტირების მოცულობის შემცირება იყო. 

III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ, 590.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რეინვესტირების მოცულობა 30%-ით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4%-ია. შემდეგ იყო ტრანსპორტის სექტორი - 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 41 მლნ აშშ დოლარით (13%).

III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე იყო აშშ - 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4%-ს შეადგენდა, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%).