LIVE

კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლების 509 განაცხადი შევიდა - სტატისტიკა

04 დეკ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლების 509 განაცხადი შევიდა - სტატისტიკა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, მომხმარებლების 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285-ზე საქმის შესწავლა დაიწყო.

სააგენტოს მონაცემებით, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 123 საქმიდან - 83 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად დაზიანდა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს აქტიურად აკვირდებიან და ამ დროისთვის, 69 საქმეზე, 45 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი - 65 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 9 მოვაჭრეს, 20 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 12 საქმიდან 9 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.

სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის განაცხადების 63% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 37% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ - აჭარა 6%, იმერეთი 4% და კახეთი 2%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე  172 განაცხადი დაფიქსირდა, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 150, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 26, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 18, ხოლო სხვა დანარჩენზე 95.

მოცემულ პერიოდში, განაცხადების მიხედვით, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 16%-ს, მშენებლობა 5%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ია.