
ოქროს ფასმა ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს, უნციაზე $2 135-ს მიაღწია.
ძვირფასი მეტალის ფასი ზედიზედ ორი თვეა იზრდება, რაც ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომითაა განპირობებული. ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში ოქროზე, როგორც ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო აქტივზე, მოთხოვნა იზრდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს ფასი 2024 წელს შესაძლოა $2 000-ის ზემოთ შენარჩუნდეს, წლის ბოლოს კი $2 200-საც კი მიაღწიოს. ისინი ამ შეფასებას მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის, აშშ დოლარის შესაძლო დასუსტებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების გათვალისწინებით აკეთებენ.
ოქროს ფასმა ბოლოს რეკორდი 2020 წლის აგვისტოში მოხსნა, როდესაც უნციაზე $2 075-მდე გაიზარდა.