LIVE

ევროკავშირი ბრიტანეთში ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

22 მარ 202113:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
ევროკავშირი ბრიტანეთში ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
Alessia Pierdomenico/Bloomberg

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებული დაპირისპირება გრძელდება. 

შესაძლოა, ამჯერად აკრძალვის ინიციატორი ევროკავშირი გახდეს. ბლოკი AstraZeneca-ს საკმარისი ოდენობის დოზების მიღებამდე, ბრიტანეთში ვაქცინების ექსპორტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს, რაც შესაძლოა, უარის თქმით დასრულდეს.

ევროკავშირის მიერ ვაქცინის ესპორტის აკრძალვა მხარეებს შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავების რისკს ქმნის. 

ევროკომისიის განცხადებით, ექსპორტი შეიზღუდება იმ ქვეყნებში, რომლებიც, თავის მხრივ, ევროკავშირს ვაქცინით არ ამარაგებენ ან მოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე აცრეს. დიდი ბრიტანეთი, სადაც ყოველი მეორე უკვე აცრილია, ევროკავშირში წარმოებული ვაქცინის ყველაზე მსხვილი მიმღებია. 42 მილიონი დოზიდან მან 10 მილიონი მიიღო.  

ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები განსხვავებულია. საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ლიდერები შეკრებას ამ კვირაში გეგმავენ. 

"ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. ჩვენ საუკუნის კრიზისში ვართ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპელები რაც შეიძლება სწრაფად აიცრებიან",-ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ვაქცინების გამო დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-მ ბრიუსელს აცნობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის პირველ კვარტალში კონტრაქტით გათვალისწინებული დოზების მიწოდებას ვერ შეძლებდა.

კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირი მის ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების ან მისი წარმოებისთვის საჭირო მასალის ბლოკის გარეთ გატანის აკრძალვას გეგმავს. ვაქცინებს შეფერხებით იღებს ბრიტანეთიც. მხარეები ერთმანეთს ვაქცინის ნაციონალიზმსა და პროცესისთვის ხელშეშლაში ადანაშაულებენ. 

ბლოკში ვაქცინაციის ტემპი დაგეგმილს ბევრად ჩამორჩება. Bloomberg-ის მონაცემებით, ევროკავშირში ყოველი 100 მოქალაქიდან აცრილია მხოლოდ 12. გეგმის მიხედვით, სექტემბრის ბოლოსთვის ბლოკში ზრდასრული მოქალაქეების 70% უნდა აიცრას

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოს კრიზოლორასი, სუზი რინგი და ჯო მეიზი