LIVE

მადლიერების კვირაში ამერიკელებმა ონლაინ რეკორდული $38 მილიარდი დახარჯეს

01 დეკ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 235
მადლიერების კვირაში ამერიკელებმა ონლაინ რეკორდული $38 მილიარდი დახარჯეს

მადლიერების კვირის ვიქენდზე ამერიკელმა მომხმარებლებმა ონლაინ რეკორდული ოდენობის თანხა, $38 მილიარდი დახარჯეს, რაც ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად, წარმატებულ სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე მიანიშნებს. 

Adobe Analytics-ის მონაცემებით, ხუთი დღის განმავლობაში, მადლიერების დღიდან Cyber Monday-ს ჩათვლით, ონლაინ სამომხმარებლო ხარჯები მოსალოდნელი 5.4%-ის ნაცვლად, 7.8%-ით გაიზარდა.

საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) თანახმად, 200 მილიონზე მეტმა მყიდველმა მადლიერების კვირის ვიქენდზე თანხა დახარჯა როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. ამ რიცხვმა ასევე გადააჭარბა ასოციაციის პროგნოზს - 182 მილიონ მყიდველს. 

NRF-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ნოემბერ-დეკემბრის სრული სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში საცალო გაყიდვები 3-4%-ით გაიზრდება. 

NRF მონაცემებით, მომხმარებლებმა დღესასწაულთან დაკავშირებულ საყიდლებზე, მათ შორის სათამაშოებზე, ელექტრონიკასა და სასაჩუქრე ბარათებზე, საშუალოდ $321.41 დახარჯეს, რაც გასული წლის მაჩვენებელს $325.44-ს მცირედით ჩამორჩება. 

Salesforce-ის თანახმად, ამერიკელმა მყიდველებმა მადლიერების კვირის ვიქენდზე ონლაინ დახარჯეს დაახლოებით $70.8 მილიარდი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ამასთან, გაიზარდა BNPL მეთოდით  ("იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით" Buy Now, Pay Later) გაყიდვების მაჩვენებელი. Cyber Monday-ზე BNPL-ის მეშვეობით, რეკორდული $940 მილიონის შესყიდვები განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 42,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

Adobe Analytics-ის მონაცემებით, "შავი პარასკევის" გაყიდვებმა რეკორდულ $9.8 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7.5%-ით აჭარბებს. Cyber Monday-ზე ვაჭრობა კიდევ უფრო წარმატებული იყო. მომხმარებლებმა $12.4 მილიარდი დახარჯეს, რაც 9.6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. 

Adobe Analytics-ის თანახმად, პიკის საათებში მყიდველები ყოველ წუთში $15.7 მილიონს ხარჯავდნენ.