LIVE

ISET: ნოემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 6.47 ლარამდე გაიზარდა

29 ნოე 202312:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 438
ISET: ნოემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 6.47 ლარამდე გაიზარდა

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვის ჭრილში გაიზარდა და 6.47 ლარი იყო. 

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ნოემბრის საშუალო ფასი 5.5%-ით მაღალია ოქტომბერთან შედარებით და 6.9%-ით დაბალი - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თვის ჭრილში ფასები ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი. ნოემბერში ფასების ზრდის დინამიკა ასეთია:

  • ყველი - ფასის ზრდა თვის ჭრილში 8.3%
  • კარაქი -3.5%
  • რძე - 2.6%
  • საფუარი - 5.9%
  • ფქვილი - 0.4%
  • კვერცხი - 0.3%

ISET-ის ინფორმაციით, წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. თავის მხრივ, ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

მათივე განცხადებით, მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს.

„ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. მეტიც, ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება“, - აღნიშნავენ ISET-ში.