
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, თუ ჯანდაცვის სისტემა არ აღდგება, დაავადებებმა ღაზაში შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი შეიწიროს, ვიდრე დაბომბვამ.
გაეროს შეფასებით, გასული 7 კვირის განმავლობაში, ღაზაში სახლი 1,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი დაახლოებით 60% - 1,2 მილიონი თავს აფარებს 156 დაწესებულებას, რომელიც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს, Unrwa-ს ეკუთვნის. დაწესებულებებში ბავშვებში ფართოდაა გავრცელებული დიარეა და რესპირატორული ინფექციები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დიარეის შემთხვევებმა ნოემბრის დასაწყისში ნორმალურ დონეს 100-ჯერ გადააჭარბა. მისივე თქმით, მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ჩვილებს, რომელთა მდგომარეობა შეიძლება გაურესდეს და ფატალურად დასრულდეს.
მკურნალობას ასევე ვერ იღებენ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
"საბოლოოდ, თუ ჩვენ [ერთად] ვერ შევძლებთ ჯანდაცვის სისტემის აღდგენას, აღმოჩნდება, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება დაავადებისგან, დაბომბვასთან შედარებით",- ამბობს ჰარისი.
გაეროს მონაცემებით, ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ ხუთი საავადმყოფო ფუნქციონირებს ნაწილობრივ. სამხრეთით კი 11-დან 8 საავადმყოფო მუშაობს. აქედან მხოლოდ ერთს აქვს კრიტიკული ტრავმული მდგომარეობის მქონე პაციენტების მიღების ან რთული ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ჰამასის თავდასხმას სულ მცირე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 240 კი მძევლად აიყვანეს. ჰამასის განცხადებით, ღაზას ტერიტორიაზე მსხვერპლის რიცხვმა 14 800-ს გადააჭარბა.
გასულ კვირას ისრაელსა და ჰამასს შორის, მძევლების და პატიმრების გაცვლის შეთანხმება შედგა და 24 ნოემბრიდან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.