
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ბანკებში 49.84 მლრდ ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული. სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დეპოზიტები 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების მოცულობამ 701.22 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით მოიმატა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები - 193.25 მლნ ლარით, ანუ 0.64%-ით შემცირდა.
ოქტომბრის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.67% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.15 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
სებ-ის თანახმად, გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8.16% იყო, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.09%.
უცხოური ვალუტის დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.74% შეადგინა.