
არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისურის ფასმა Sotheby's-ის აუქციონზე შესაძლოა $10 მილიონს გადააჭარბოს.
მესის 6 მაისურს, რომელთაგან ერთ-ერთი ფეხბურთელს უშუალოდ ფინალური თამაშის დროს ეცვა, Sotheby's აუქციონზე გასაყიდად კომპანია AC Momento გამოიტანს. აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი, მესის ფონდის მხარდაჭერით, UNICAS-ს პროექტს გადაეცემა, რომელიც იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებს უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ სპორტული საკოლექციო ნივთები სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას იზიდავს. Sotheby's-ის თანამედროვე კოლექციების მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა ნახევარზე მეტი 40 წლამდე ასაკისაა.
აუქციონი 30 ნოემბერს გაიხსნება და 14 დეკემბრამდე გასტანს. ამავე პერიოდში დამთვალიერებელი Sotheby's-ში გამოფენილი მაისურების ნახვას უფასოდ შეძლებს.
ამჟამად სპორტის სამყაროს ყველაზე ძვირად გაყიდული საკოლექციო ნივთი მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის ფინალური თამაშის მაისურია, რომელიც $10.1 მილიონად არის გაყიდული.