საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 18.2%-ითაა გაზრდილი.
აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (279.5 ათასი) და სომხეთში (107.6 ათასი) განხორციელდა.
III კვარტალში საზღვარგარეთ 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის თანახმად, III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
რაც შეეხება ხარჯებს, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. წლიური ზრდა 7.1%-ია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი იყო.
3 თვეში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიაში 40%-იანი წილით საყიდლები ლიდერობდა.
საქსტატის თანახმად, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტლის მაჩვენებელზე (6.7ღამე) 13.4%-ით მეტია. ვიზიტების 96.3% განმეორებითი ხასიათის იყო.