LIVE

„გარდაბნის თბოსადგური 3“-ის ასაშენებლად გამოცხადებული აუქციონი მესამედ გადავადდა

23 ნოე 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 612
„გარდაბნის თბოსადგური 3“-ის ასაშენებლად გამოცხადებული აუქციონი მესამედ გადავადდა

გარდაბანში 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად გამოცხადებული აუქციონი მესამედ გადავადდა. ამჯერად წინადადებების მიღების ბოლო ვადად 2024 წლის 15 იანვარი დასახელდა.  

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც „გარდაბნის თბოსადგური 3“-ის 100%-იან წილს იყიდის და თბოელექტროსადგურს ააშენებს.

„სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაცნობებთ, რომ 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ის 100%-იანი წილის გაყიდვისა და ინვესტორის შერჩევის მიზნით 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადებული წინადადებების მიღების (RfP) პროცედურისთვის წინადადებების წარმოდგენის ვადა 2024 წლის 15 იანვრამდე (18:00 საათამდე) გაგრძელდა“, - აღნიშნულია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აუქციონი თავდაპირველად 2023 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით თარიღი 31 ოქტომბრამდე, შემდეგ 30 ნოემბრამდე და ამჯერად 2024 წლის 15 იანვრამდე გადავადდა.