LIVE

ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ ინოვაციური ონკოლოგიური წამლების შესყიდვა დაიწყო

22 ნოე 202315:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 283
ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ ინოვაციური ონკოლოგიური წამლების შესყიდვა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების ყიდვის პროცესი დაიწყეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიური პაციენტების სრულ საჭიროებებს დაფარავს. 

ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფომ, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატი პირდაპირი წესით შეისყიდა. 

„მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს საშუალება ეძლევა, მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.

ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3 200-ზე მეტ მედიკამენტზე კი ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.