LIVE

რიჩარდ ტენგი - ვინ არის Binance-ის ახალი CEO?

22 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
რიჩარდ ტენგი - ვინ არის Binance-ის ახალი CEO?

ჩანგპენგ ჟაოს მოულოდნელმა გადადგომამ კრიპტოსამყარო გააოგნა და არაერთი კითხვა გააჩინა. მათ შორის, ვინ არის Binance-ის ახალი უფროსი, რიჩარდ ტენგი? 

ტენგი, რომელიც წარმოშობით სინგაპურიდანაა, მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას სულ ორიოდ წელია შეუერთდა. თავდაპირველად ის Binance-ის ადგილობრივი ბიზნესის CEO-ს პოსტზე დაინიშნა. 

ეს სწორედ იმ წელს მოხდა, როდესაც Binance-ით იუსტიციის დეპარტამენტი დაინტერესდა და კომპანიისა და მისი იმჟამინდელი უფროსის, ჟაოს მიმართ, მარეგულირებელმა ზედამხედველობა გააქტიურდა. ამის ფონზე კი, ტენგი სწრაფად მიიწევდა წინ სამსახურებრივ კიბეზე.   

თავდაპირველ პოზიციაზე მან მხოლოდ 5 თვე იმუშავა. 2023 წლის აპრილში ის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის, ასევე ჩრდილო ამერიკის რეგიონულ ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამავე წლის მაისში იგი Binance-ის რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელი გახდა, მიმდინარე კვირაში კი ამავე ორგანიზაციის სათავეში მოექცა. 

თავისი სამართალმემკვიდრის დასახელებისას, ჟაომ ტენგს უწოდა "მაღალკვალიფიციური ლიდერი სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით ფინანსურ სექტორში, ვინც კომპანიას ზრდას შემდგომ პერიოდში წინ გაუძღვება"

Binance-ში დასაქმებამდე, ტენგი უფრო ტრადიციულ ფინანსურ და მარეგულირებელ ორგანიზაციებში მუშაობდა. სხვადასხვა დროს მას ეკავა  კორპორაციული ფინანსების დირექტორის პოზიცია Monetary Authority of Singapore (MAS)-ში და მთავარი მარეგულირებელი ოფიცრის პოზიცია Singapore Exchange-ში (SGX). 

შემდგომი ექვსი წელი იგი იყო არაბეთის საემიროს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის - აბუ დაბის გლობალური ბაზრის (ADGM) - მთავარი აღმასრულებელი. 

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ტენგმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ახალი პოზიციის დაკავება და რომ ის Binance-ის 150 მილიონ მომხმარებელს "კომპანიის ფინანსურ სიძლიერესა და უსაფრთხოებაში" დაარწმუნებს

იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაციას ბოლო თვეებში დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა, ტენგი დარწმუნებულია, რომ Binance ისე მყარად დგას მიწაზე, "როგორც არასდროს".