LIVE

ინდოეთი და Tesla თანამშრომლობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან

21 ნოე 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
ინდოეთი და Tesla თანამშრომლობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან

ინდოეთი ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-სთან შეთანხმების საბოლოო ეტაპზეა. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც უცხოური მედია საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, Tesla ინდოეთში მომავალი წლიდან ავტომობილების იმპორტს დაიწყებს, შემდგომ 2 წელიწადში კი საწარმოსაც ააშენებს.

წყაროების ცნობით, Tesla-ს საწყისი მინიმალური ინვესტიცია საწარმოსთვის $2 მილიარდი იქნება, ხოლო ინდოეთიდან ავტომობილების ნაწილების შესყიდვა $15 მილიარდამდე გაიზრდება. ასევე ამერიკელი ავტომწარმოებელი, ხარჯების შემცირების მიზნით, ინდოეთში ელექტრომობილის ბატარეებს დაამზადებს.

შეთანხმების შესახებ ოფიციალურ კომენტარს არც ინდოეთის ხელისუფლება და არც Tesla-ს წარმომადგენლები არ აკეთებენ. თუმცა მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას ოფიციალურად 2024 წლის იანვარში, Vibrant Gujarat Global Summit-ზე გამოაცხადებენ.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ კომპანია ინდოეთში ინვესტირებას "რაც შეიძლება მალე" აპირებს. მასკმა ეს განცხადება ნიუ-იორკში, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ბაზარზე შესვლა Tesla-მ ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა, თუმცა ეს გეგმა შეღავათიან საიმპორტო პირობებზე მოლაპარაკებების გამო გადაიდო. 2021 წელს მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ინდოეთში შესვლა სურს, თუმცა ქვეყანას მაღალი საიმპორტო გადასახადი აქვს. თავის მხრივ, ინდოეთმა Tesla-ს განუცხადა, არ დაეწყო იმ მანქანების გაყიდვა, რომლებიც პოლიტიკურ კონკურენტ ქვეყანაში - ჩინეთში იყო წარმოებული.

ახალი ინფორმაციით, ინდოეთი ელექტრომობილების საერთაშორისო მწარმოებლებისთვის იმპორტის გადასახადების შემცირებას შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში განიხილავს. ამის წინაპირობა კი ქარხნების აშენების ვალდებულებაა.