LIVE

მასკის თქმით, Tesla ინდოეთში ინვესტირებას გეგმავს

21 ივნ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
მასკის თქმით, Tesla ინდოეთში ინვესტირებას გეგმავს

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ინვესტირებას ინდოეთში "რაც შეიძლება მალე". მასკმა ეს განცხადება ნიუ-იორკში, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მოდი ნამდვილად ზრუნავს ინდოეთზე, რადგან გვიბიძგებს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამის გაკეთებას ვაპირებთ, უბრალოდ ვცდილობთ სწორი დრო შევარჩიოთ. დარწმუნებული ვარ, Tesla იქნება ინდოეთში და ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“,- განუცხადა მასკმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ინდოეთში ჩასვლას გეგმავს.

ინდოეთის ბაზარზე Tesla-ს გაყიდვების დაწყება მასკმა ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა, თუმცა ეს გეგმა გადაიდო, რამდენადაც კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეღავათიან საიმპორტო პირობებზე ცდილობდა შეთანხმებას. 2021 წელს მასკმა დატვიტა, რომ Tesla-ს ინდოეთში შესვლა სურს, თუმცა ქვეყანას მაღალი საიმპორტო გადასახადი აქვს.

Reuters-ის ინფორმაციით, თავის მხრივ, ინდოეთს საიმპორტო შეღავათებზე მოლაპარაკებამდე სურს, რომ Tesla-მ ინდოეთში დაიწყოს წარმოება.

Tesla-ს ამჟამად აქვს ერთი გიგაქარხანა აზიაში, შანხაიში, რომელიც Tesla-ს უმსხვილესი ქარხანაა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ და აწარმოებდა Tesla-ს გლობალური მიწოდების ნახევარზე მეტს 2022 წელს.

გასულ თვეში მასკმა თქვა, რომ კომპანია სავარაუდოდ წლის ბოლომდე შეარჩევს ადგილს ტესლას ახალი ქარხნისთვის და რომ ინდოეთი საინტერესო ვარიანტია.

ჩინეთიც და ინდოეთიც ცდილობენ მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები ელექტრო ავტომობილების ინდუსტრიაში. ამასთან, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობის პირობებში, ამერიკული კომპანიები წნეხის ქვეშ არიან, რომ შეამცირონ ჩინეთზე, როგორც წარმოების ბაზაზე, დამოკიდებულება.