LIVE

მინისტრი რაჭის ტყეზე: ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სათანადო

20 ნოე 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
მინისტრი რაჭის ტყეზე: ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სათანადო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა.  

მინისტრის თქმით, რაჭაში სამონადირეო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია სათანადო არ იყო, თუმცა ლიცენზია კანონის დაცვით გაიცა. 

"შეიძლება, ჩვენ ვისაუბროთ, რომ საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა, არ იყო სათანადო და უფრო მეტი იყო სასურველი, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ, რომ შემდგომ პროცესებში კანონმდებლობის კუთხით, დავხვეწოთ ის საკითხები, რომლებიც შესაძლოა, უკეთესად განხორციელდეს მომავალში, მაგრამ ცალსახად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, დაიცვა ყველა პროცედურა და კანონმდებლობის შესაბამისად, აბსოლუტურად საჯაროდ, გამოაცხადა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია",- თქვა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს და ამასთან დაკავშირებით, სააგენტო გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. 

"ძალიან მალე, უმოკლეს დროში, არაუგვიანეს თვის ბოლოსი, მე ვფიქრობ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა იმის გათვალისწინებით, რაზეც მე ახლა ვისაუბრე, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

თუმცა ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც სააგენტო ახორციელებს და მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრულად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აპროტესტებს სამინისტროსთან ამ საკითხს და ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას. ეს პროტესტი დაიწყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ და ჩვენ ამ საკითხზე საუბარი მაისიდან დავიწყეთ, რომ ვალდებულებები არ სრულდება, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ დაცული ტერიტორიის შექმნაზე ვიფიქროთ",- ამბობს შამუგია.

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. 

მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით".