
კომპანია OpenAI-მ ახალ აღმასრულებელ დირექტორად პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმა Twitch-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ემეტ შირი დანიშნა. ახალი ამბავი თავად შირმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.
ემეტ შირმა, რომელმაც Twitch-ის აღმასრულებლის პოზიციაზე 12 წელი გაატარა, OpenAI-ს ხელმძღვანელობას „ცხოვრების უიშვიათესი შესაძლებლობა“ უწოდა. მან აღნიშნა ისიც, რომ ალტმენის გათავისუფლების პროცესებსა და კომუნიკაციას კომპანიამ „თავი ცუდად გაართვა“, რამაც ნდობის შელახვა გამოიწვია.
Today I got a call inviting me to consider a once-in-a-lifetime opportunity: to become the interim CEO of @OpenAI. After consulting with my family and reflecting on it for just a few hours, I accepted. I had recently resigned from my role as CEO of Twitch due to the birth of my…
„მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სემის [ალტმენი] და OpenAI-ს მთელი გუნდის მიმართ. მათ რაც შექმნეს არ არის მხოლოდ გასაოცარი კვლევითი პროექტი და პროგრამული პროდუქტი, არამედ არაჩვეულებრივი კომპანია. მე აქ ვარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დავიცვა და განვავითარო“,- წერს შირი X-ზე.
ცნობისთვის, OpenAI-ს დირექტორთა საბჭომ სემ ალტმენი აღმასრულებლის პოზიციიდან გასულ პარასკევს გაათავისუფლა. კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამის მთავარი მიზეზი ალტმენის არასაკმარისი გულწრფელობა იყო, რაც „ხელს უშლიდა მოვალეობის შესრულებაში“.
ალტმენის უკან დაბრუნებას OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორი Microsoft-ი ცდილობდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალტმენი თავად Microsoft-ის გუნდს შეუერთდება და ახალ AI კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელებს.